კატეგორიები

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შემოგვიერთდით

სოციალურ ქსელებში
10/04
2017
City News
489 ნახვა

ქალაქ ოზურგეთის მერმა ნინო თოიძის საფლავი გვირგვინით შეამკო

 ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ გურიის მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილს გმირულად დაღუპული ნინო თოიძის საფლავს პატივი მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სხვა საჯარო მოხელეებმა, ასევე, გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი და მათ ხსოვნას პატივიმიაგეს.
ბეგი სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი:
,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენეს. ამ დღის გახსენებისას ყოველ ჩვენგანს ტკივილისა და სიამაყის განცდა ერთდროულად გვეუფლება, 9 აპრილის ტრაგედია გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბების ისტორიაში. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს ვულოცავ.“
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.



ინსტაგრამი